ბიუჯეტში გარღვევაა?

პარასკევი, იანვარი 29, 2010 17:34

2010 წლის ბიუჯეტს, ისევე როგორც შარშანდელ ბიუჯეტს, საქმე რომ კარგად ვერ ექნებოდა, ეს მისი დამტკიცებიდანვე ჩანდა, მაგრამ ამჯერად პერსპექტივა უფრო მუქდება. საკმაოდ კომპეტენტური სპეციალისტები, კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წლევანდელი ბიუჯეტის შესრულებას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა“ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების წარმოდგენისას მართალც რომ მძიმე, მაგრამ რეალური სურათი დახატა.

ცენტრის დამფუძნებლის, დავით ნარმანიას განცხადებით:

„2009 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მსგავსად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის დაწყებამდე მიიღო, 2010 წლის ბიუჯეტიც მეტისმეტად ოპტიმისტურია და საქართველოში არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში არ მოდის. შესაბამისად, 2010 წლის განმავლობაში ბიუჯეტი სავარაუდოდ, სერიოზულ ცვლილებებს განიცდის.“

„ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლის აგვისტოდან პროექტს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“ ახორციელებს.

პროექტის მიზანია ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის შედეგების წარმოდგენა, მედიის წარმომადგენელთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი და ცალკეულ საკითხებზე ცენტრის ექსპერტთა მოსაზრებების გაცნობა.

„2010 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც დღეისათვის საქართველოში ჩამოყალიბდა. 2010 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ამოსავალი წერტილი 2009 წლის მოსალოდნელი მშპ (როგორც ნომინალური, ისე რეალური) უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, 2009 წლის ეროვნული ანგარიშების ძირითად მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი მხოლოდ 2010 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს, მაგრამ გარკვეული გათვლებით ჩვენ შეგვიძლია მიახლოებით გამოვთვალოთ 2009 წლის მშპ-ს ნომინალური მოცულობა.

„საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის განმავლობაში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკა 4%-ით დაეცა. ჩვენი ვარაუდით დაცემა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ სხვა რაიმე კონკრეტული მონაცემი არ გვაქვს, ამიტომ ამ მონაცემებს დავეყრდნობით“, -

აცხადებს დავით ნარმანია.

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში განმარტავენ, რომ შარშან საქართველოს ეკონომიკა არ გაზრდილა (თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წელს ინფლაცია მხოლოდ 3%-ია, 2009 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალი ყოფილა, რაც სამწუხაროდ არარეალურია).

„თუ დავუშვებთ, რომ 2009 წლის IV კვარტალში ეკონომიკა იმავე დონეზე იყო, რაც 2008 წლის შესაბამის პერიოდში და ინფლაცია 3% იყო, მივიღებთ, რომ IV კვარტალში მშპ 5,3 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2009 წლის წლიური მშპ 18 მლრ. ლარია, ნაცვლად ოფიციალური წინასწარი 18,8 მლრდ ლარისა, ანუ 2009 წელს ეკონომიკა, დაახლოებით, 6%-მდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი გათვლებია, და ცხადია 2010 წლის ბიუჯეტის შედგენისას ის არ იყო გათვალისწინებული.

„2009 წლის წინასწარი ოფიციალური შედეგების გათვალისწინებით, 2010 წლის პროგნოზებით ეკონომიკური ზრდა 2%, ხოლო ინფლაცია 6% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში 2010 წლის მშპ 20,4 მლრდ. ლარის მოცულობის იქნება. ზრდისა და ინფლაციის იგივე პარამეტრების დაცვის შემთხვევაში, ჩვენი შეფასებით 2010 წლის ნომინალური მშპ 19,5 მლრდ ლარი იქნება, ანუ ცდომილება დაახლოებით 900 მლნ ლარია“, -

აცხადებენ „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრში“.

ფინანსთა სამინისტრო კი, ცენტრის კვლევას უპირისპირდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პერტრიაშვილი 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება.

„ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრმა“ ან არ უნდა დაინახოს, თუ რა წერია საბიუჯეტო კოდექსში და ბიუჯეტში, ან კიდევ სპეციალურად შეყავს საზოგადოება შეცდომაში. მათ მიერ გამოქვეყნებული შენიშვნები აბსურდულია. შენიშვნები, რომ საბიუჯეტო კოდექსით რამე სიახლეები არ არის შემოთავაზებული, ის რომ ფორმულა იგივეა რაც ადრე იყო და ის რომ გამოთანაბრებული ტრნასფერი გაზრდილია, ეს არის სრული აბსურდი. მათ ჯერ კარგად უნდა წაიკითხონ კოდექსი და გაიგონ რა წერია ამ დოკუმენტში. საინტერესოა რა მეთოდით სარგებლობენ ისინი ასევე მშპ-ს დათვლისას“,

- განაცხადა პაპუნა პეტრიაშვილმა.

mailsubscriber

გამოიწერეთ ახალი ამბები ელ-ფოსტით,
ამისათვის დააწექით ზედა ლურჯ ბალიშს და ახალ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა,
მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა და მოსულ წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით დაგვიდასტურეთ ( ! ) ხელმოწერა.

ამობეჭდვა ამობეჭდვა

Share
blog comments powered by Disqus